“ეუთო/ოდირის დასკვნა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალ არჩევნებზე იყოს საუბარი, პირიქით, აქ საუბარია რეკომენდაციების შესრულებაზე” – ბოჭორიშვილი

“ეუთო/ოდირის დასკვნა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალ არჩევნებზე იყოს საუბარი და პირიქით, აქ საუბარია რეკომენდაციების შესრულებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ეუთო/ოდირის დასკვნა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ახალ არჩევნებზე იყოს საუბარი და პირიქით, აქ საუბარია რეკომენდაციების შესრულებაზე, რასაც ასევე იზიარებს ევროკავშირის წარმომადგენელი ქალბატონი მარტა კოსი, რომელიც არის გაფართოების კომისარი და რომელთანაც უნდა ჰქონდეს საქართველოს ურთიერთობა, როდესაც საქმე შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კოლეგა იქნება ბრიუსელში, რომელთანაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გვქონდეს ურთიერთობა. სულისკვეთებაც და გზავნილიც არის ის, რომ უნდა ვიმუშაოთ რეკომენდაციების შემდგომ შესრულებაზე.

ჩვენ არ დაგვიკლია ძალისხმევა წინა რეკომენდაციების შესრულებისთვისაც, ოპოზიციის ჩართულობაზე. როგორ უნდა დაიბრუნო ნდობა, თუ კი ოპოზიციის სურვილი არასდროს არ ყოფილა არჩევნებისადმი ნდობა? ეს არ არის მათი მიზანი საერთოდ. რთულია, ეს გააკეთოს ერთმა მხარემ. სწორედ ამიტომ, დიალოგზე და ჩართულობაზე როდესაც არის საუბარი, იგულისხმება, რომ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალა იყოს ამ პროცესში ჩართული.

თუმცა, ჩვენ ეს 2020 წელს უკვე გამოვიარეთ. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესიც, რომლის სულისკვეთებაც ის იყო, რომ მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო ჩართულობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან, მაგრამ იმისთვის, რომ ამას მიაღწიო, სადღაც მიზანი ერთი უნდა იყოს და არ არის ოპოზიციის მიზანი ამ ქვეყნის წინსვლა, ევროპული მომავალი. მათი მიზანი არის ერთადერთი – ნებისმიერ ფასად ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება და მათი გადმოსახედიდან, სულაც არ არის ამისთვის არჩევნები აუცილებელი წინაპირობა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები