ვფიქრობ, რომ მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები, ჩვენ რომ ვიბრძოლეთ, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი თავის დროზე, აქაც, სწორედ იმიტომ, რომ ვიბრძოლებთ, იმიტომ, რომ ვაჩვენებთ ღირსებას, ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აჩერებს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ ევროინტეგრაციას ხელოვნურად აჩერებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, დადონ დღესვე მოლაპარაკებები მაგიდაზე, აქვე ვაწერთ ხელს, მაგრამ არა საქართველოს ხელისუფლება აჩერებს რამეს ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები აჩერებენ ხელოვნურად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. თქვენ იცით ძალიან კარგად, რომ საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე მოლდოვა, ვიდრე უკრაინა, ვიდრე ბოსნია, მაგრამ იქ არის ხელოვნურად ერთი ნაბიჯით წინ წასული თითოეული ქვეყანა და საქართველო არის ხელოვნურად უკან დაწეული. ეს არის უსამართლობა, ამაზე უნდა იმსჯელოს ქართულმა საზოგადოებამ. რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ის, რაც ხდებოდა 6 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე და არავისთვის არ არის სასიამოვნო ამ ყველაფრის გავლა, თუმცა ეს არის უკვე მე-4 მცდელობა ჩვენს ქვეყანაში „ნაცმაიდნის” მოწყობის. ეს მცდელობაც ჩავარდა და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ბრძოლაშია წარმატების გასაღები. ჩვენ რომ ვიბრძოლეთ, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი თავის დროზე, აქაც, სწორედ იმიტომ, რომ ვიბრძოლებთ, იმიტომ, რომ ვაჩვენებთ ღირსებას, ბევრად უფრო ჩქარა ვივლით წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორც კი მოდუნდები, მაშინვე ახალი ხელოვნური დაბრკოლებები გაჩნდება ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.