„ადამიანის უფლებები – ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ევროპული ტიპის სახელმწიფო“
ადამიანის უფლებები – ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ევროპული ტიპის სახელმწიფო და ჩვენთვის მეტად საამაყოა, რომ სწორედ ამით ვიწყებთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმისა და ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უწყებათშორისმა საბჭომ და სამდივნომ, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ, შეიმუშავეს დოკუმენტების პროექტები და უახლოეს მომავალში მთავრობა და პარლამენტი დაამტკიცებს მათ.
“ადამიანის უფლებები – ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ევროპული ტიპის სახელმწიფო და ჩვენთვის მეტად საამაყოა, რომ სწორედ ამით ვიწყებთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობას. ჩვენი მთავრობისთვის ეს პრიორიტეტია, რადგან კარგად გვესმის, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა სფეროში სწორება უნდა აიღოს ევროპული სახელმწიფოების საუკეთესო სტანდარტებზე. დღევანდელი დღე სწორედ იმის დასტურია, რომ ჩვენს გუნდს აქვს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ დასახულ მიზანს რეალურად მივაღწიოთ. პირველი და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია ამ მიმართულებით – დღეს წარმოგიდგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიასა და მთავრობის სამოქმედო გეგმას. უწყებათშორისმა საბჭომ და სამდივნომ, რომლებიც ამ თემაზე მუშაობდნენ, შეიმუშავეს დოკუმენტების პროექტები და უახლოეს მომავალში მთავრობა და პარლამენტი დაამტკიცებს მათ. მნიშვნელოვანია ის, რომ თავად სტრატეგიისა და გეგმის შედგენის პროცესი იყო გამჭვირვალე და დემოკრატიული.
ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი უცხოელი მეგობრები და სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა. საქართველოს მთავრობის სახელით, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, საქართველოში მის წარმომადგენლობას და, პირველ რიგში, ბატონ თომას ჰამარბერგს. მადლობას ვუხდი აგრეთვე გაეროსა და ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და დემოკრატიული პროცესების გამყარების საქმეში. რომ არა მათი დიდი მხარდაჭერა და ძალისხმევა, ამ ხარისხის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება არ იქნებოდა ადვილი.
ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი პროცესისა, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისაკენ. სულ მალე, როდესაც ამოქმედდება მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტესბის შესაბამისი ადამიანის უფლებები დააშენდეს რეალურად ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვეღარ შეძლებს ვერც ერთი პოლიტიკური ძალა“,-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი, 7-წლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ იქნება პოლიტიკურ ციკლზე დამოკიდებული.
“ეს გადაწყვეტილებაც და დღევანდელი დღეც იმის დასტურია, რომ ჩვენი ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ, თანამიმდევრულად საძირკველს უყრის ისეთ სახელმწიფოს, რომ ვერანაირმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა მომავალში ვეღარ მოახდინოს გავლენა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე. ადამიანის უფლებებსა და ევროპულ ღირებულებებზე იმიტომ კი არ ვლაპარაკობთ, რომ ამით ვინმეს წინაშე თავს ვიწონებთ, არამედ იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის ბუნებრივად მიილტვოდა ევროპისკენ – ეს არჩევანი ჩვენს ხალხს დიდი ხანია გაკეთებული აქვს.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში დაიწყო სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული ევროპული, დემოკრატიული სისტემის ფორმირების პროცესი. 1921 წელს შემუშავდა ნამდვილად დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კანონის წინაშე თანასწორობა, სიკვდილით დასჯის აკრძალვა, პიროვნების ხელშეუხებლობა, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება, ეროვნულ უმცირესობათა უფლებები, – ეს არის ის, რასაც ეფუძნებოდა 90 წლის წინ საქართველოში შექმნილი კონსტიტუცია. საბედნიეროდ, დღეს ხელისუფლებაში მოვიდა ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია ევროპული ღირებულებების ნამდვილი ერთგულება, აქვს ამის პოლიტიკური ნება, შესწევს ძალა, ხალხთან ერთად განახორციელოს თაობების ოცნება და საქართველო ჩადგეს ევროპული ქვეყნების რიგებში. წელს გადამწყვეტი ეტაპი გვაქვს გადასალახი ევროპასთან დაახლოების მიმართულებით. ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს და მოქმედებდეს ადამიანის უფლებათა სფეროში უმაღლესი სტანდარტის სტრატეგიითა და გეგმით, რომელიც თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრების გარანტი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.