შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ საძიებო სამუშაოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი რვა პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
„სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.
ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გუშინ, გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი.