ირაკლი ღარიბაშვილი- შემოდგომაზე, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება, მსურს, ამ გზაზე წარმატებები ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს
შემოდგომაზე, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს, ამ გზაზე წარმატებები ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს,- ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რიგით მე-8 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში და ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ, ჯერ კიდევ რჩება ნაციონალური მოძრაობა.
„დღეს ჩვენს წინაშე ახალი ამოცანებია. შემოდგომაზე, არჩევნებში ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს, ამ გზაზე წარმატებები ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს.
ძვირფასო მეგობრებო, საქართველო დღეს რა თქმა უნდა, კვლავ დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს, შეიძლება ითქვას საფრთხედ, ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წელს დავამარცხეთ ჩვენ ყველამ ერთად-„ნაციონალური მოძრაობა“ და მანამ, სანამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად არ წასულა.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით; თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ – იგივე ხალხთან, იგივე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ, 2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს – დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა. არჩევანი ძალზედ ნათელია, „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ უდიდესი ნდობისთვის. მე ვამაყობ, რომ ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და მზად ვარ, როგორც ქართული ოცნების რიგითმა წევრმა, ასევე ჩვენი ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცმა, მთელი ძალისხმევა მოვახმარო ჩვენი გუნდის გამარჯვებას, ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მსახურებას და მორიგ დიდ გამარჯვებას, რომელიც ყველას ერთად გველოდება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.