თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, საქარიას პროვინციაში საქალაქთაშორისო გზატკეცილზე ერთმანეთს შვიდი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ერთმანეთს სამი ავტობუსი, სატვირთო მანქანა და კიდევ სამი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
როგორც საქარიას გუბერნატორმა, იაშარ კარადენიზმა თქვა, ყველა დაღუპული და დაშავებული თურქეთის მოქალაქეა.
„დაშავებულთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმე ან საშუალო სიმძიმის არის, დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ. ყველა ჰოსპიტალიზებულია. სულ ჩართულია 10 საავადმყოფო”, – თქვა მან.
წინასწარი ვარაუდით, ავარიის მიზეზი ნისლი გახდა.