“აზერბაიჯანის ხელისუფლების პრინციპული მიდგომაა, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ორმხრივ ურთიერთობაში, მოლაპარაკებაში დიდი როლი ითამაშოს” – ალი ბაბაევი ილჰამ ალიევის ვიზიტს აფასებს

“აზერბაიჯანის ხელისუფლების პრინციპული მიდგომაა, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ორმხრივ ურთიერთობაში მოლაპარაკებაში დიდი როლი ითამაშოს”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა განაცხადა.

ბაბაევმა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი შეაფასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

“დღეს აქტუალური საკითხია მეგობარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ჩამოსვლა. ნამდვილად ძალიან დროული და შთამბეჭდავი ვიზიტი იყო. ილჰამ ალიევი წელს უკვე მეორედ ჩამოვიდა. ახლანდელი, 1-დღიანი ვიზიტის დროს ძალიან თბილი, მეგობრული, სტრატეგიული შეხვედრა იყო. ორივე ქვეყნის ხელმძღვანელებმა ის საკითხები განიხილეს, რომლებიც ნამდვილად ეხება როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობას, ასევე – სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარებას. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული მოკავშირეები, მეგობარი ქვეყნები არიან. ჩვენ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ბატონი ილჰამის სტრატეგიას, მის პოლიტიკურ გზას ყოველთვის მხარს ვუჭერთ, ჩვენთვის დიდად საამაყოა ის, რომ დღეს ორ ხელისუფლებას ასეთი კეთილი, მეგობრული განწყობა აქვს. ამ განწყობებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ინვესტორი, მეგობარი ქვეყანაა. ის საკითხები, რომლებიც ბატონმა ილჰამ ალიევმა და ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განიხილეს, ჩვენი ქვეყნის განვითარებას ძალიან წაადგება.

როგორც გითხარით, როდესაც ბატონი ილჰამ ალიევი თბილისში ჩამოვიდა, ჩვენს პრემიერს შეხვდა, საუბრის თემა ორი ქვეყნის ურთიერთობა და ის სამშვიდობო პროცესები იყო, რომლებიც რეგიონში საჭიროა. ვიცით, რომ საქართველომ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, ძალიან სერიოზული როლი ითამაშა. იყო მილაპარაკებები როგორც სომხებთან, ისე – აზერბაიჯანელებთან, ტყვეების გათავისუფლება ზუსტად ჩვენი პრემიერის და საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით მოხდა, დანაღმული ტერიტორიების რუკა სომხეთმა აზერბაიჯანს საქართველოს მეშვეობით გადასცა.

ახლანდელ შეხვდერასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. აზერაბიჯანის ხელისუფლების პრინციპული მიდგომაა, რომ საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ორმხრივ ურთიერთობაში, მოლაპარაკებაში დიდი როლი ითამაშოს. იცით, მოლაპარაკება შედგა, მიუნხენში 3 ქვეყნის ხელისუფლება შეხვდა თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ.
ახლა ორმხრივი, სამხრივი შეხვედრა რეგიონის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. იცით, დიდი პროექტებია დაგეგმილი. ილჰამ ალევის ჩამოსვლის მთავარი მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ 3 ქვეყანას შორის მეგობრულად მოლაპარაკება იყოს, თანამშრომლობა მშვიდობისთვის, რეგიონის განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის უნდა დაიწყონ. რა თქმა უნდა, საქართველო -აზერბაიჯანის ურთიერთობა მყარია.
ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობაა, ომი არაა. ამხელა, ბუმბერაზ ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობება დავამყარეთ. ეს რეგიონის განვითარებას დიდად წაადგება. ეს ჩვენი პრემიერის საამაყოდ უნდა ითქვას.

რეგიონში პოლიტიკური განვითარება იქნება, კულტურული  თუ ეკონომიკური, მხოლოდ ამ 3 რესპუბლიკის კისერზე უნდა იყოს. მათ ეს საკითხები ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ და შემდეგ უნდა განვითარდეს. ვნახეთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს რა ბედი ეწია, ტერიტორიის 20 % დავკარგეთ, ასევე, აზერბაიჯანსაც ტერიტორიის 20 % დაკარგული ჰქონდა, ყარაბაღის ტერიტორია, კიდევ 7 რაიონი სეპარატისტების მსხვერპლი იყო. კონფლიქტი 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2020 წელს აზერბაიჯანმა გააკეთა ის, რაც გასაკეთებელი იყო. თავისივე ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ღონისძიება ჩაატარა, 44 -დღიანი ომის შედეგად სტრატეგიული ქალაქი შუშა დაიბრუნა. შემდეგ იცით, რომ კიდევ მოლაპარაკებები მიდიოდა. სეპარატისტების მხრიდან სერიოზული პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, ადამიანები იხოცებოდნენ. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ აზერბაიჯანის მხრიდან 23- საათიანი და 42 – წუთიანი ანტიტერორისტული ღონისძიება ჩატარდა, სეპარატისტებმა ხელი ასწიეს და თეთრი დროშა გამოფინეს იმის ნიშნად, რომ ყველა დათმობისთვის მზად იყვნენ. აზერბაიჯანმა თავისი ისტორიული ტერიტორია დაიბრუნა, რომელსაც ყარაბაღი ჰქვია. იცით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება იქ მაინც ანტიტერორისტულ ღონისძიებას ახორციელებს. დაპატიმრებულია სეპარატისტების პრეზიდენტი, რამდენიმე ის ადამიანი, რომლებიც ყარაბაღში სისასტიკეს ჩადიოდნენ”, – განაცხადა ბაბაევმა.

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით 2 დღის წინ იმყოფებოდა. ალიევი საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

“გასულ თვეს აღვადგინეთ ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან და იმედი მაქვს ამას მივაღწევთ. ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება – აზერბაიჯანს-სომხეთსა და საქართველოს ჩართულობით. ეს შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა გვაკლდა მეგობრებო, რადგან აზერბაიჯანი ოკუპირებული იყო წლების განმავლობაში და ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას გადაგვედგა ნაბიჯები ნორმალიზებისთვის, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია არის ფასილიტატორის როლში, ნორმალიზაციის პროცესში. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია, ეს მიუკერძოებელი პოზიციაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით და ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ სხვა – ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს და გვთავაზობს ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ ველით იმავეს სომხეთისგანაც და თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, – განაცხადა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები