„უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“ – ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის საბჭოს დატოვებას არ აპირებს
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ეკატერინე მიქაბაძე ამ ეტაპზე სებ-ის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინსტიტუციის ქმედუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს.
„ამ ეტაპზე, ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია… ინსტიტუციის ქმედითუნარიანობის შენარჩუნების მიზნით… უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“, – განაცხადა მიქაბაძემ.
მისი განმარტებით, სანქცირების წესში ცვლილებების შეტანის მიღებული გადაწყვეტილება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა. „საბჭოს უფლებამოსილებაში ეს არც შედის და კომუნიკაცია ჩემთან პირადად არ ყოფილა“, – აღნიშნა მიქაბაძემ.
ხოლო კითხვაზე – ეთანხმება თუ არა თავად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, პასუხის გაცემისგან ეკატერინე მიქაბაძემ თავი შეიკავა.
სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობიდან გადადგნენ. BM.GE-მ სებ-ის საბჭოს სხვა წევრების პოზიციებიც მოისმინა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე გალდავა სების საბჭოს დატოვებას არ აპირებს. ნიკოლოზ გაგუამ კი თქვა, რომ გადაწყვეტილება არ მიუღია.