“ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს” – ნათია თურნავა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე

“გადაწყვეტილების მიღების დროს არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„იყოს მსჯელობა და ანალიზი, თუ როგორი გზით მომხდარიყო ამის გაკეთება. ეს იყო ავტომატური აღსრულება იმ წესისა, რომელიც აქამდე არსებობდა. მაგრამ ვინაიდან, შეიქმნა პირველი პრეცედენტი, ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვეანალიზებინა, მომავალში ეს პრეცედენტი როგორ იმოქმედებს. არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ეს პირველი „ქეისი“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით თუკი მომავალშიც ეს პრეცედენტები განმეორდება, როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეთ და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები