ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცეპრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ვიცეპრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გადადგომის მოთხოვნით, განცხადებით მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლეჟავა სოციალური ქსელის მეშვეობითაც ავრცელებს.

“ბატონო შალვა, “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ა/წ 21 ნოემბრიდან”, – წერია პაპუნა ლეჟავას განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები