ბოლო წლებში გურიაში მომხდარი წყალდიდობები და მეწყრები
გურიასა და აჭარაში სტიქიას ებრძვიან. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ამ დროისთვის, ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი.
ქობულეთში დილიდან მიმდინარეობს უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები. ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია.
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გურიაში მომხდარი სტიქიებიდან ამჟამინდელი მასშტაბურობითაც გამოირჩევა და სამწუხაროდ, ადამიანური მსხვერპლითაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამ ტერიტორიაზე წყალდიდობისა და მეწყერის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა 4 მათგანზე გვინდა მოგიყვეთ, რომლებიც სხვებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო.
2013 წლის აგვისტო: გადაუღებელი წვიმების შედეგად, ოზურგეთის რაიონის სოფლებში – ნატანები და წვერმაღალა – მეწყერი ჩამოწვა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მეწყერის შედეგად, წვერმაღალაში ავთანდილ გულიტაშვილის 6-სულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, კვირას, დაახლოებით, 4 საათზე ხმა შემოესმათ და დაინახეს, როგორ წამოვიდა მიწა. ოჯახის ყველა წევრმა სახლი დროულად დატოვა და არავინ დაშავებულა.
2014 წლის 4 ნოემბერი: ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გურიის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. გაითიშა ელექტროენერგია და პრობლემები შეექმნა ინფრასტრუქტურასაც. სტიქიამ სოფელ ნაგომარში მცხოვრები თამაზ მარკოიძის ოჯახი დააზარალა, ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის აივნის ნაწილი. უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, მწყობრიდან გამოვიდა 35-კილოვატიანი გადამცემი ხაზი. მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს – გურიანთას, მერიას, კონჭკათს და ხვარბეთს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა.
2017 წლის ივნისი: გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ქალაქ ლანჩხუთში ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და საკარმიდანო ნაკვეთები დაიტბორა. დაიხოცა ფრინველი და წვრილფეხა საქონელი. სტიქიის შედეგად დაზარალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ღრმაღელე, სუფსა, ჭანჭათი, ნიგოითი, ნიგვზიანი, ჩაბათი, აკეთი და ჭყონაგორა, სადაც წყალმა წაიღო ხიდები, დატბორა სახლები, გზები და ნაკვეთები. ზოგიერთ სოფელში ჩამოწვა მეწყერი.