მეუფე იაკობი: შენ თუ თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი იცი, ვინ ეკითხება უცხოელს, რომ მე მითხრას – ასე იცხოვრე, ისე იცხოვრე
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ოპოზიცია პავლიკ მოროზოვს შეადარა.
მისივე თქმით, ბევრად მცირეა ის ადამიანები, რომლებიც მონები არიან და ვითომ სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან.
“როცა უცხოელი ხედავს, რომ გარბიხარ უცხოელთან, შენს ქვეყანაში კი არ გინდა შენი გადაწყვიტო – მიდიხარ და ეუბნები, რომ მოდი, მოდი, დამეხმარე მე მოვიდე ხელისუფლებაში – დემოკრატიის შუქურა ვიქნები, ის ვიქნები, ეს ვიქნები, როგორ შეგხედავს ის?! რა თქმა უნდა, შაქარ-ყინულსაც გაჭმევს, სხვა რაღაცას გამოგიწოდებს, ფულითაც დაგაფინანსებს, მაგრამ ვინ ხარ იმისთვის. რაც საბჭოთა კავშირში პავლიკა მოროზოვი იყო, იცოდეთ, რომ ისინი ხართ უცხოელებისთვის, აბსოლუტურად იგივე ხართ, ეს თქვენი ბრალი არ არის მასე რომ იქცევით. საქართველოში არის ორი კატეგორიის ადამიანები, ბევრად მცირეა ის ადამიანები, რომლებიც მონები არიან და ვითომ სხვების თავისუფლებისთვის იბრძვიან. შენ თუ თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი იცი, ვინ ეკითხება უცხოელს, რომ მე მითხრას ასე იცხოვრე, ისე იცხოვრე. კი, მსოფლიოში, როცა თანაცხოვრებაა, იმან როგორ უნდა მითხრას, ვინც ვერ ცხოვრობს წესიერად, რომელი ქვეყანაა გამართული…
მარა თუ პავლიკა მოროზოვები გვყავდნენ, მერე გინდ დაგსვან, რა უნდა გააკეთო. რაც კომუნისტების დროს, მანამდე ჟორდანიამ და იმათმა გააკეთეს, არც უნდოდათ და მზამზარეული დამოუკიდებლობა მივიღეთ, მერე უმრავლესობა საფრანგეთში ვინც წავიდა, სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს შორის, კარგად იცით, პაპა რომ შვილიშვილს ასწავლის, რა განსხვავებაც იყო, ქართველებისთვის არცერთი არ იყო მისაღები, თუმცა კომუნისტების პერიოდშიც ბევრი წესიერი იყო თუნდაც პარტიაში და საქართველოს ინტერესებს იცავდა და არა იმპერიის ინტერესებს”, – ამბობს მეუფე იაკობი.