ზურაბ აზარაშვილი: ოქტომბრიდან, ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები
„2023 წლის ოქტომბრიდან, ძალაში შევა ქიმიოთერაპიის, ასევე – მეტაბოლური და ბარიატრიული მომსახურების სტანდარტები“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილმა თითოეული ამ ცვლილების და ახლად დაწესებული სტანდარტების მიზნებზეც ისაუბრა.
„გვსურს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის არსებული პროგრამა, მაქსიმალურად ორიენტირებული იყოს ბენეფიციარებზე. წლიურად, 150 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ლარი სწორად მივიდეს პაციენტამდე და კმაყოფილი იყოს მომსახურებით“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
რაც შეეხება ბარიატრიულ ქირურგიას, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რეგულირების მექანიზმის სრულყოფა, დღის წესრიგში, სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარე დადგა.
„სხვადასხვა ქვეყნების სტანდარტების მიხედვით, მკაცრად განვსაზღვრეთ წესი, თუ როდის შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება. მოგეხსენებათ, ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა. თუ პაციენტს აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ბარიატრიული ოპერაციის გაკეთება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.