ზურაბ აზარაშვილი: რეგულაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, პირდაპირ ეხება პაციენტების მომსახურებისა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხს
„2023 წლის ბოლომდე, ბევრი ახალი სტანდარტი და რეგულაცია შემოგვაქვს, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის სისტემაში, პაციენტზე ზრუნვისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისკენ“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, სექტემბრიდან, ძალაში შედის რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები, რომელიც ქვეყანაში, ამ დრომდე არ არსებობდა და პირველად ინერგება.
„ცვლილების მიხედვით, მკაცრად არის განსაზღვრული, რა აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს კლინიკას. ასევე – ოთახის მოწყობის წესი, თითოეულ პაციენტსა და საწოლზე ექიმების, ექთნების, თუ რეანიმატოლოგების რაოდენობა. ეს სტანდარტები, ერთხელ და სამუდამოდ, მოაწესრიგებს რეანიმაციულ და ქირურგიულ მომსახურებას. შესაძლებლობას მოგვცემს, პაციენტი იმართოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების რისკი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.