ლევან დავითაშვილი – „საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების და მისი სწორად ათვისება-გამოყენების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს”
„საქართველოს ეკონომიკისთვის და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკის როლი. საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგეტიკის განვითარების და მისი სწორად ათვისება-გამოყენების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაზე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა, კონფერენცია ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის და USAID-ის მისიის დირექტორის ჯონ პენელი გამოსვლებით გაიხსნა. ეკონომიკის მინისტრმა თავის სიტყვაში განახლებადი ენერგიის სფეროში არსებული საერთაშორისო ტენდენციები მიმოიხილა და მათი გათვალისწინებით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და მისი სწორად გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება – განახლებადი ენერგიის წყაროებში ჩვენ რა საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები გვაქვს, როგორია მათი გამოყენების გზები და ფორმები. საქართველოს არამარტო შიდა წყაროებიდან – ჰიდრო ელექტროენერგიის, ქარის, მზის, ბიომასის და სხვადასხვა წყაროებიდან გენერაციის შესაძლებლობა გააჩნია, არამედ სხვადასხვა ალტერნატიული, ინოვაციური ენერგეტიკის მიმართულების საშუალებებიც. ამასთან, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ საქართველო გახდეს ეგრეთ წოდებული ენერგო მაკუმულირებელი ცენტრი, სადაც თავს მოიყრის ჰიდროენერგია სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენ კი შეიძლება ვიყოთ სავაჭრო პლატფორმა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შესაბამისი, საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება და სისტემების დანერგვა სჭირდება, რაზეც სახელმწიფო ძალიან აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ასევე ინტენსიურად მუშაობს ენერგოპოლიტიკასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც საბოლოოდ ქვეყნის მდგრადი ენერგოსისტემის საფუძველი იქნება. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ მხარდამჭერ ორგანიზაციას და სახელმწიფოს, რომლებიც საქართველოს ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ეხმარება. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, სახელმწიფო მზად არის, იყოს ინვესტორი, პარტნიორი საერთაშორისო, ადგილობრივ ინვესტორებთან ერთად, რათა ქვეყანაში მსხვილმასშტაბიანი ენერგო პროექტები განვითარდეს და გამოჩნდეს სახელმწიფოს მკაფიო მხარდაჭერა ამ სექტორის მიმართ. ლევან დავითაშვილმა ენერგოსექტორის რეფორმირების და ამ კუთხით სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის კონტექსტში ასევე ისაუბრა პირველი ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნის საკითხზე, რაც გულისხმობს ვაჭრობას ღია ბაზარზე კონკურენტული პირობებით. ამასთან, მისი თქმით, შემუშავებულ იქნა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა: სიმძლავრის აუქციონი და ფასთა სხვაობის ხელშეკრულება. მინისტრის ინფორმაციით, პირველი ასეთი აუქციონი უკვე წარმატებით დასრულდა და გამოვლინდა 27 გამარჯვებული პროექტი ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე.
„აუქციონის შედეგებმა გვიჩვენა, რომ საკმაოდ მაღალია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან და ჩვენს მიერ შეთავაზებული მხარდაჭერის სქემა მათთვის მისაღები და საინტერესოა. მწვანე ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი სტიმული იქნება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს ევროპის ბაზრებთან დააკავშირებს და რომელსაც მაღალი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.