ლევან დავითაშვილი: ეგვიპტელ ინვესტორებს გავაცანით საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია

გასული წლის განმავლობაში ეგვიპტიდან საქართველოში რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მათ შორის, ტურისტულ სექტორში და ჩამოყალიბდა თავისუფალი ეკონომიკური ზონა კახეთის რეგიონში. ვხედავთ, რომ ეგვიპტელი ინვესტორების მხრიდან დიდია საქართველოთი დაინტერესება და იმედი მაქვს, საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გახდება ორ ქვეყანას ეკონომიკური და საქმიანი კავშირების შემდგომი გაღრმავების დამატებითი პლატფორმა,- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა კაიროში გამართული ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესფორუმის ფარგლებში ეგვიპტელი ინვესტორები გაეცნენ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალს, ასევე, საინვესტიციო გარემოს, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის 2023 წელს ეგვიპტიდან საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეგვიპტიდან კაპიტალის შემოდინება 96 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, რომელიც განხორციელდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა მშენებლობა, ტრანსპორტი, უძრავი ქონება და სხვ. მისივე თქმით, ასევე, ქუთაისისა და საგარეჯოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ხორციელდება ინვესტიციები ეგვიპტიდან.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და დაბალი საგადასახადო ტვირთის გარდა, კომპანიებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დამატებით შეღავათებსაც სთავაზობს.

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თანხმლებ დელეგაციასთან ერთად კაიროში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ეგვიპტე – საქართველოს ბიზნესფორუმში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები