ნატალია კვაჭანტირაძე – „ITB წლის გამოფენად ითვლება და აქ მოხვედრა კერძო სექტორის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის პრივილეგიაა“

ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ბერლინში დაგეგმილი ღონისძიებების დეტალებს გაეცნენ. აქტივობების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ისაუბრეს.

შეხვედრის დეტალებზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი – ნატა კვაჭანტირაძე.

„სიღრმისეულად განვიხილავთ იმ მარკეტინგულ აქტივობებს, რაც ბერლინში გველოდება. ITB 2023 მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც წლის გამოფენად ითვლება და აქ მოხვედრა კერძო სექტორის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის პრივილეგიაა. შესაბამისად, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა იზრდება არა მარტო ვიზიტორების ჭრილში, არამედ იზრდება ხელშეკრულებების გაფორმება პარტნიორებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით”, – განაცხადა ნატალია კვაჭანტირაძემ.

საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურიზმის ინდუსტრია აქტიურად ემზადება როგორც ასოციაციის, ასევე, კერძო სექტორის წევრების სახით, რომ ITB-ის გამოფენის ფარგლებში სტუმრებს პოზიტიური განწყობით დახვდნენ. საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენაზე 80-მდე კომპანიასთან ერთად წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები