როკ-ენ-როლის მეფის ერთადერთი ქალიშვილი, მაიკლ ჯექსონის ყოფილი მეუღლე – ლიზა მარია პრესლი

ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი, მაიკლ ჯექსონის ყოფილი მეუღლე, მომღერალი და მსახიობი ლიზა მარია პრესლი დაიღუპა საავადმყოფოში, სადაც ის გულის გაჩერებით მიიყვანეს. ექიმებმა 54 წლის ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს. როგორი იყო სინამდვილეში როკ-ენ-როლის მეფის ქალიშვილის ცხოვრება?

12 იანვრის ღამეს ლიზა მარია საავადმყოფოში გადაიყვანეს გულის გაჩერების გამო. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. გულის გაჩერებამდე მუცლის ღრუში ტკივილს უჩიოდა, რომელიც სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა. შემდეგ მისმა მოახლემ მომღერალი  უგონოდ იპოვა, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე, დენი კიო, რომელთან ერთადაც ლიზა მარია ცხოვრობდა, სახლში დაბრუნდა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, სანამ მედიკოსები მოვიდოდნენ. მომღერალს სულ მცირე ერთი შპრიცი ადრენალინი გაუკეთეს და მისი პულსი აღდგა, რის შემდეგაც სასწრაფოდ გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში. ლიზა სიკვდილამდე ორი დღით ადრე „ოქროს გლობუსის“ პრემიას ეწვია, სადაც ოსტინ ბატლერი საუკეთესო მსახიობად აღიარეს დრამატულ ფილმში, მომღერლის მამის როლის შესრულებისთვის ფილმში „ელვისი“.

54 წლის ლიზა მარია პრესლის უკანასკნელი ფოტო 10 იანვარს ბევერლი-ჰილზშია გადაღებული. 2023 წლის 12 იანვარს ის გარდაიცვალა.

ლიზა 1968 წლის 1-ელ თებერვალს დაიბადა ლეგენდარული ელვის პრესისა და მისი მეუღლის, პრისცილას ოჯახში.  მისი მშობლები ერთმანეთს 1973 წელს გაშორდნენ, ხოლო მამა დაშორებიდან 4 წელიწადში, 1977 წელს გარდაიცვალა. ის თავისი ცხოვრების უკანასკნელ წუთებამდე აღმერთებდა ქალიშვილს.

ლიზა დედასთან ერთად, ძირითადად, ლოს-ანჟელესში ცხოვრობდა, მაგრამ დიდ დროს ატარებდა მამასთან ერთად გრეისლენდში. როგორც ცნობილია, ელვისი გულის გაჩერების შედეგად დაიღუპა, მაგრამ მისი სიკვდილის მიზეზად ასევე ასახელებენ ალკო და ნარკოდამოკიდებულებებს. მამის გარდაცვალების შემდეგ ლიზა, თავის ბებია-ბაბუასთან ერთად, გრეისლენდში არსებული სახლის მემკვიდრე გახდა, ხოლო ბებია-ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ის ელვისის ერთადერთი მემკვიდრე იყო.

ლიზას პირველი ქორწინება 20 წლის ასაკში შედგა მუსიკოს დენი კიოსთან. წყვილს ორი შვილი ეყოლა, ქალიშვილი რაილი და ვაჟი ბენჟამენი. ლიზა კიოს 1994 წელს გაშორდა. როგორც პრესა წერდა, ლიზამ თავისი უკანასკნელი დღეები ყოფილ მეუღლესთან ერთად გაატარა.

მოგვიანებით, ლიზა მაიკლ ჯექსონს გაჰყვა ცოლად. პირველად მან მაიკლი 1975 წელს ნახა, 7 წლის ასაკში, როდესაც მის კონცერტს ეწვია. მათი მეგობრობა 1992 წელს დაიწყო. როგორც ცნობილია 1993 წელს ჯექსონმა მას მხარდაჭერისთვის მიმართა, როდესაც სასამართლოში უჩიოდნენ არასრულწლოვნების გარყვნისათვის. ძალიან მალე ლიზასა და ჯექსონს შორის რომანტიკული ურთიერთობა გაღვივდა და ისინი 1994 წელს, ლიზასა და კიოს დაშორებიდან 20 დღეში დაქორწინდნენ, ხოლო გაშორდნენ 1996 წელს.

პრესლიმ აღიარა, რომ ჯექსონის სიკვდილი 2009 წელს მისთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო. ის ნანობდა, რომ ვერ შეძლო მისი დახმარება.

ლიზა მარია პრესლი მესამედ ნიკოლას ქეიჯზე დაქორწინდა, ეს 2002 წლის აგვისტოში მოხდა. პრესლი და ქეიჯი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც  ლიზა დანიშნული იყო ჰავაელ მომღერალზე, ჯონ შოაკზე. ლიზამ ნიშნობა ჩაშალა, რათა ქეიჯთან ყოფილიყო. მათი კავშირი ხანგრძლივი არ ყოფილა, ქეიჯმა საბუთები განქორწინებაზე ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ შეიტანა.

მეოთხედ ლიზა 2006 წელს გათხოვდა მაიკლ ლოკვუდზე, რომელიც გიტარისტი იყო და მას აკომპანირებას უწევდა, ასევე იყო მისი მუსიკალური პროდიუსერი და დირექტორი. 2008 წელს ლიზას და ლოკვუდს ტყუპები ეყოლათ, ფინლი და ჰარპერი. 2000 წლის 12 ივნისს ლიზას ერთადერთმა ვაჟმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოგვიანებით, 2016 წელს ლიზა ლოკვუდს გაშორდა და განაცხადა, რომ მას ბავშვთა პორნოგრაფია აღმოუჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები