ლევან დავითაშვილი – საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით

საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება.

მისი თქმით, ქართული დელეგაცია ინვესტორ კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.

„დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ძალიან ინტენსიური შეხვედრები იმართება ინვესტორ კომპანიებთან. ჩვენ გვქონდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა ძალიან ბევრ დაინტერესებულ კომპანიასთან. იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობენ და არის შანსი, რომ მათ გააფართოვონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები საქართველოში, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც ჯერ რეგიონში არ არიან წარმოდგენილები. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე ცენტრალური დერეფნით დაინტერესება საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების. ჩვენ ვისაუბრეთ ძირითად სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასევე, ენერგეტიკის მიმართულებებზე, ზოგადად, სტუმარმასპინძლობის სფეროზე და სხვადასხვა დარგზე, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი გააჩნია. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს დაკავშირებადობის აქტუალობას. ამაზე ევროკავშირის ხელმძღვანელმაც, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა. საუბარია ახალ დამაკავშირებელ შავი ზღვისქვეშა კაბელზე,. რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს და შესაძლებლობებზე, რომელიც საინვესტიციო კუთხით ჩნდება. მე ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები