სანდრო გირგვლიანის საქმეზე მელნიკოვის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. პროცესზე შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს ოლეგ მელნიკოვს დაკითხავენ , რომელიც ამ საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის. პროცესი 15:00 საათზე გაიმართება.
აღიარებითი ჩვენება მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართულ წინა პროცესზე მისცა. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიას თხოვნით, მან დაწერილ ჩვენებას ხელი მოაწერა და ახალაიას დაპირდა, რომ სასამართლოში აღნიშნულ ჩვენებას დაადასტურებდა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. ამ დროს კი, როგორც მელნიკოვი აცხადებს, იგი ავტომობილში დათა ახალაიას ელოდებოდა. მელნიკოვმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა, დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომლის მიხედვითაც გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლის დაკავებით საზოგადოებაში არსებული პროტესტი უნდა ჩაეხშოთ.
მელნიკოვმა აღიარებით ჩვენებაში ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა. ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განმარტა, რომ ვინაიდან მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მისი დასაცავი პირის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, დადგა ადვოკატის აცილების საკითხი, რის გამოც პროცესი შეწყდა.
მელნიკოვის დაკითხვა ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით 18 აგვისტოს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები