ევროკავშირსა და საქართველოს შორის DCFTA-ს ფარგლებში შექმნილი, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართა
13-14 დეკემბერს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში შექმნილი, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის რიგით მეცხრე შეხვედრა ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები. ევროკავშირის მხარეს ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი – იგნასიო ირუარიზაგა დიეზი ხელმძღვანელობდა.
კომიტეტის სხდომის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ტენდენციები, ასევე DCFTA-ის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, მომსახურებით ვაჭრობისა და სხვა სფეროებში. ევროკომისია მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად რჩება და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის თითქმის მეოთხედი მასზე მოდის. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა DCFTA-ის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, როგორც საკანონმდებლო დაახლოების ასევე ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა საჯარო შესყიდვების სფეროში I ფაზით გათვალისწინებული რეფორმების შესრულების შედეგად შესყიდვების ბაზრების გახსნას, რაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.
ევროკომისია მიესალმა საქართველოს ისეთ, ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში გაწევრიანებას, როგორიცაა ევროპული მეტროლოგიის ორგანიზაცია (EURAMET), ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა (ILAC) და საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი (IAF), ასევე მიესალმა საქართველოს აფილირებული წევრობის სტატუსის მიღებას სტანდარტიზაციის ევროპულ ორგანიზაციებში (CEN და CENELEC). ევროკომისიის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს და გამოხატა მზაობა ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე.