ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს, დაღუპულია ორი დღის ახალშობილი
რუსმა ოკუპანტებმა, გვიან ღამით, ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს, რომლის შედეგად ორი ექიმი დაშავდა და ორი დღის ჩვილი ბიჭი დაიღუპა. ბავშვის დედა გადარჩა.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა “ტელეგრამში” დაწერა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ჭურვების მოხვედრის შედეგად პოლიკლინიკის სამშობიარო განყოფილების ორსართულიანი შენობა განადგურდა. შენობაში ერთი ქალი ახალშობილთან და ექიმთან ერთად იმყოფებოდა.
მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი და ექიმი ცოცხლად ამოიყვანეს.