„როდესაც 308 ევროდეპუტატი ხმას მისცემს რეზოლუციას – სადაც სიცრუე წერია – ისე, რომ არ დაინტერესდება, რა არის სიმართლე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დემოკრატიის მკვლელობა გრძელდება“ – ხაინდრავა

„დღეს ევროპარლამენტი სიმართლეს კლავს იმიტომ, რომ ის რეზოლუციები, რომლის მომსწრენიც ვხდებით, სოკრატეს მკვლელობას განაგრძობენ. როდესაც 308 ევროდეპუტატი ხმას მისცემს რეზოლუციას, რომელშიც სიცრუე წერია, ისე – რომ არც წაიკითხავს, არ დაინტერესდება, რა არის სიმართლე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სოკრატეს და დემოკრატიის მკვლელობა გრძელდება“, – ამის შესახებ კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აცხადებს.

ევროპარლამენტარების შესახებ განცხადება ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„რაც შეეხება ევროპარლამენტის მუშაობას და საქართველოსადმი დამოკიდებულებას. ჩვენთვის ესეც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ჩვენ უნდა გვესმოდეს, საით მივდივართ, ვისთან გვაქვს საქმე. ხშირად გვესმის, განსაკუთრებით – ამ ტელესაროსკიპოებიდან ამა თუ იმ ადამიანებისადმი მიმართვა, რომ ვიღაც პროდასავლელია, პროევროპელია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და პროევროპელები, პრო-ები არიან სალომე სამადაშვილი, ზურაბ შარვალჩახდილი ჯაფარიძე, ლიაკა ხოშტარია. ისინი არიან „პრო“, ჩვენ უბრალოდ ევროპელები ვართ. ჩვენ ვართ იმ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელები, მთელი ამ 2 000 წლის განმავლობაში იმ განსაცდელის მტვირთავები, რომელიც ამ კონტინენტმა გამოიარა იმისთვის, რომ ის ფასეულობები დამკვიდრებულიყო, რასაც ქრისტიანული ფასეულობები ჰქვია. არაფერი სხვა, გარდა ქრისტიანული ფასეულობებისა, არც ევროპულ და არც დასავლურ კულტურას საფუძვლად არ აქვს. ამიტომ, ეს ფსევდოლტოლვა ევროპისკენ, რომელსაც დღეს გვთავაზობენ, ისეთივე ფიქციაა, როგორიც დემოკრატია, რომელიც ჰეგემონებმა ფარად გამოიყენეს იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ინტერესები განახორციელონ. დემოკრატია 2 500 წლის ათენში დაიბადა და სოკრატეს მკვლელობასთან ერთად მოკვდა მაშინ, როდესაც 500 დეპუტატიდან 280-მა ხმა სოკრატეს, ანუ სიმართლის მკვლელობას მისცა. ერთადერთი, რასაც სოკრატე ემსახურებოდა, სიმართლე იყო. დღეს იგივე ვითარებაა ევროპარლამენტში. ევროპარლამენტი დღეს სიმართლეს კლავს. იმიტომ, რომ ის რეზოლუციები, რომლის მომსწრეც ვხდებით, განაგრძობენ სოკრატეს მკვლელობას, როდესაც 308 ევროდეპუტატი ხმას მისცემს რეზოლუციას, რომელშიც სიცრუე წერია, ისე – რომ არც წაიკითხავს, არ დაინტერესდება, რა არის სიმართლე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სოკრატეს და დემოკრატიის მკვლელობა გრძელდება.
ისევ ვიმეორებ, რეალურმა დემოკრატიამ ათენშიც კი 60 წელზე მე ხანს ვერ გაძლო. აბსოლუტურად დეგრადირებულმა საზოგადოებამ სოკრატეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს, თუ რა არის ევროპული ბიუროკრატია და რა არის ევროპა.

„მინდა, რომ ერთმანეთისგან კარგად გავმიჯნოთ, რა არის ევროპული ბიუროკრატია, რომელსც წარმოადგენს ევროპარლამენტი და რა არის ევროპა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ყოველთვის მისი ნაწილი ვიყავით, ევროპული კულტურა, ევროპელი ხალხები, ევროპული ზნეობა, სარწმუნოება და ა.შ. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. ერთია ჭაობი და მეორე კულტურის სიდიადეა, რომლის ნაწილიც ყოველთვის ვიყავით და ვართ.
რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ჯერ კიდევ სულხან-საბადან მოყოლებული, ეს ბიუროკრატია ჩვენ არაფრით გვგუობდა. დღესაც ასეა, ვერ გუობს ჩვენს დამოუკიდებლობას, ღირსებას, წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ეს უნდა გვესმოდეს, ეს ტრაგედია არ არის. თუ ჯანსაღი გზით და აზროვნებით დავრჩებით და გავაგრძელებთ ცხოვრებას, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ევროპელი გახრწნილი ბიუროკრატების სიყვარულს იმსახურებდე. ვერ დაიმსახურებ იმიტომ, რომ მაგალითად კუბილიუსს, ვინც დღეს ანტიქარტული მოქმედების სიმბოლოა, ასევე, სხვადასხვა დეპუტატს, გელერს, გლუკსმანს და ა.შ. ეს ქვეყანა სძულთ. თავადვე პოლიტიკურად გარყვნილი ადამიანები არიან, ასე იყვნენ ყოველთვის. იმ დროს, როდესაც ვილნიუსში საბჭოთა ჯარები უტევდნენ პატრიოტებს, ვილნიუსის ტელევიზიას, ვილნიუსს, როგორც საზოგადოებას, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიილტვოდა, კუბილიუსი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ პარტიის წევრი იყო. დღეს ის ღირებულებებზე გველაპარაკება, რომელიც თავად არ გააჩნია და არც არასდროს გააჩნდა.

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს გლუკსმანებისთვის, კუბილიუსებისთვის, გელერებისთვისაა, არის ის, რომ საქართველომ პირველად თავის დამოუკიდებლობის პერიოდში გაბედა და განაცხადა, რომ მისი ხალხის ინტერესი ყველაზე მაღალი ინტერესია, ქართული ხელისუფლების დავალება მხოლოდ მისი მსახურებაა და არა იმ ქვეყნების მსახურება, რომლებიც ჩვენთან თავიანთი ინტერესების განხორციელებას ცდილობენ. ეს არის ყველაზე დიდი საბაბი, რის გამოც ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს დამოუკიდებლობას ვერ ეგუებიან. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ამას ობიექტურად უნდა ვხვდებოდეთ.  ყველაფერი დანარჩენი,  რაც იმის შესახებ გვესმის,  რომ ჩვენს მიმართ სხვადასხვა ქვეყანას რაღაც  განსაკუთრებული სიყვარული და პარტნიორობა გააჩნია,  ქიმერაა, რეალობას  არ შეესაბამება.  ამიტომ, ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ  იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც  გეზი უკანასკნელი წლების განმავლობაში ავიღეთ, რომელიც საქართველოს ამ ახალ მსოფლიოში  დაამკვიდრებს.  მსოფლიოში დიდი ცლილებებია,   ის წარსული წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო დამყარებული, დაინგრა. ახალი მოთამაშეებით, ახალი ინტერესებით ახალი წესრიგი დგება.   ჩვენს ადგილს ვიმკვიდრებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ქართულ საზოგადოებაში ეს ყველაფერი სწორად იქნება გააზრებული,  ჩვენ ამ ადგილს საბოლოოდ დავიმკვიდრებთ “, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები