პირობით მსჯავრდებულები ბათუმში მუზეუმ “ბორჯღალოს“ ესტუმრნენ
აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები ბათუმში მუზეუმ “ბორჯღალოს“ ესტუმრნენ, სადაც კოლხური ცივილიზაციის ეთნოგრაფიული ნივთებია წარმოდგენილი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პრობაციონერები გაეცნენ ხალხური რეწვის ნიმუშებს, სხვადასხვა რელიგიის სალოცავებს, ნადირობისა და სოფლის მეურნეობის იარაღებს, სასმისთა ნაკრებს და სხვა ექსპონატებს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პირობით მსჯავრდებულები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში, რაც მათ რესოციალიზაციას უწყობს ხელს.