“არცერთი კვალიფიციური ადამიანი არ დაკარგავს სამსახურს”

   თბილისის მერია “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა განაცხადა, არცერთი კვალიფიციური ადამიანი არ დაკარგავს სამსახურს.
“თითოეული პროფესიონალი, რომელიც მერიაში მუშაობს და აქ საქმის საკეთებლად არის მოსული და მისი კვალიფიკაცია შეესაბამება მის პოზიციას, არ დაკარგავს სამსახურს. რაც შეეხება განთავისუფლებებს, არის ერთეული შემთხვევები. მაგალითად, განცხადება დაწერა კადრების სამსახურის უფროსმა. თუ მოიკითხავთ კადრებში, ვერ ნახავთ ვერცერთ ადამიანს, რომელსაც სამუშაო აღწერილობა აქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკადრო სამსახური თავის ფუნქციას არ ასრულებდა. იმ შემთხვევაში, თუ ის ადამიანები, რომლებიც აქ პროფესიონალებად არიან მოვლენილები და თავს კომფორტულად არ გრძნობენ და წერენ განცხადებას, ეს სხვა საქმეა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ზეწოლის და მუქარის, რომ ადამიანებს დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ სამსახურიდან. ჩვენ არაკომფორტულად ვგრძნობთ თავს იმიტომ, რომ გადასახედია შტატები და ადამიანის კვალიფიკაციები. ამიტომ, ვიწყებთ ატესტაციებს. პარალელურად ვმუშაობთ რეორგანიზაციაზე. ეს საკმაოდ გრძელი, მაგრამ საჭირო პროცედურაა”, – განაცხადა ხატისკაცმა.
როგორც მერიაში აცხადებენ, მერიის ადმინისტრაციაში და საქალაქო სამსახურებში სულ 1 300-მდე ადამიანი მუშაობს. მათგან საკუთარი სურვილით განცხადება 13 ადამიანს აქვს დაწერილი და მათ შორის კადრების სამსახურის უფროსს მარინა გელაძეს.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ მერიაში თანამშრომლებზე ხორციელდება ზეწოლა და მათ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებას ძალით აწერინებეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები