კახა კალაძე: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო

თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაშავებული მოზარდი მოინახულა.

როგორც მან აღნიშნა, კლინიკაში მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს დილით, მაშინ – როცა 13 წლის მოზარდები სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ, ვაკის პარკში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ე.წ. შატალოზე წასული სკოლის მოსწავლეები ვაკის პარკში თამაშობდნენ, რა დროსაც ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს კი დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები