თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი მხოლოდ ჯაბა სამუშიამ შეიტანა
თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის კომისიაში მხოლოდ ერთი კანდიდატის, ჯაბა სამუშიას განაცხადი შევიდა, – ამის შესახებ თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„განაცხადი მხოლოდ ერთმა ადამიანმა, თსუ-ს პროფესორმა ჯაბა სამუშიამ წარმოადგინა. ამ ეტაპზე კომისია იმსჯელებს საბუთების დასაშვებობასთან დაკავშირებით. თუ რაიმე ხარვეზი არ არის საბუთებში, 20 ოქტომბერს დაინიშნება აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც დამტკიცდება დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის მხრიდან 20 ოქტომბრამდე გვეცოდინება, საბუთების კუთხით რაიმე ხარვეზი ხომ არ არის. თუ არ არის, 20 ოქტომბერს გავიგებთ შედეგებს“, – განაცხადა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.