საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პროექტს მხარი არ დაუჭირა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის წევრების: დავით უსუფაშვილის, ხატია დეკანოიძის, ლევან ბეჟაშვილის, გიორგი ვაშაძის, თამარ ჩარკვიანის ინიციატივით წარმოდგენილი პროექტის შესახებ იმსჯელეს.
პროექტის მიხედვით ცვლილებები შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებას, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს, ამომრჩევლის იდენტიფიცირების საკითხს, საარჩევნო პროცედურების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელებას, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდას. მომხსენებელმა, ლევან ბეჟაშვილმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტიც წარადგინა. განხილვის შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულია და ის გაგზავნილია როგორც ვენეციის კომისიაში, ასევე ეუთო/ოდირში შესაბამისი შეფასებების და რეკომენდაციების მისაღებად.
„ამ დროს ხდება სხვა კანონპროექტის დაინიცირება, რაც ქმნის კოლიზიას. თუმცა, ჩვენ ხელი არ შევუშალეთ ამ კანონპროექტის დაინიცირებას და გამოვიტანეთ კომიტეტზე განსახილველად. შესაძლოა ეს ორი დოკუმენტი ბევრ საკითხში ფარავს ერთმანეთს, შეიძლება რაღაც დებულებები ემთხვეოდეს კიდეც, ან რაღაცაში იყოს მცირედი განსხვავებები, სხვადასხვანაირი მიდგომემი. მაგრამ ვფიქრობ, რომ რადგან იურიდიული კომიტეტია წამყვანი ამ საკითხზე, შესაბამისად გარკვეულ საკითხებზე და დებულებებზე საბოლოო დისკუსია და სიღრმისეული განხილვა იქ გაიმართება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
განხილვის დასრულების შემდეგ კომიტეტის დასკვნაში აისახა, რომ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” პროექტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელება კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია და შესაბამისად მხარს არ უჭერს აღნიშნულ კანონპროექტებს.