გიორგი ცუცქირიძე: მთავარ გამოწვევად კვლავ ინფლაცია რჩება, თუმცა, საერთაშორისო სასურსათო და საწვავის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები იძლევა იმის ვარაუდს, რომ მომავალ წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად დაიკლებს

“მართალია, დღეს მთავარ გამოწვევად კვლავ ინფლაცია რჩება,  თუმცა, საერთაშორისო სასურსათო და საწვავის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები იძლევა იმის ვარაუდს, რომ მომავალ წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად დაიკლებს და მეორე კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელთან(3%) ახლოს იქნება”, – ამის შესახებ ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – რამდენიმე წელიწადში საჯარო სექტორში არსებული ხელფასები უნდა დაეწიოს კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს, რაც  ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით არის მნიშვნელოვანი.

“საქსტატის ახალი კვლევის მიხედვით  2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.5 პროცენტით (113.5 ლარით) გაიზარდა და 1 304.5 ლარი შეადგინა, რაც ასევე მეტია წინაკრიზისული პერიოდის 2019 წლის მაჩვენებელზეც -1129.5.
ამასთან, გაზრდილია საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.2%-ით გაიზარდა და 900 ლარია. როგორც ვხედავთ, 2021 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 31%-ით ნაკლებია.
ცნობისათვის საშუალო ხელფასის გამოთვლის ორი ხერხიდან  საშუალო არითმეტიკულითა და მედიანური მეთოდით. საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას; მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია და შესაბამისად
მედიანა საშუალოსთან შედარებით უფრო ობიექტური მნიშვნელობაა იმ შემთხვევაში, როდესაც მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
კვლავ რჩება განსხვავდება საშუალო თვიური ხელფასებს შორის სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში, რაც 26 %-ს შეადგენს და მიუხედავად ბოლო 2 წლის მიხედვით სახელმწიფო სექტორში ხელფასების 10 %-იანი ზრდისა, ერთ-ერთ ამოცანად სწორედ სახელმწიფო მოხელეთა ანაზღაურების ზრდა უნდა მივიჩნიოთ.
საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 509 ლარი;
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 386 ლარი;
⦁ ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 1298 ლარი;
⦁ მშენებლობა – 1 276 ლარი;
⦁ სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 273 ლარი.
ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თუ როგორ პოზიტიურად აისახება როგორც სახელმწიფო სექტორში  დასაქმებულთა, ისე დაქირავებულთა ხელფასებზე. საწარმოთა მიერ უფრო მაღალი გამოშვება ქმნის გაზრდილ ბიუჯეტს და შესაბამისად, დასაქმებულთა მეტ შემოსავალსაც უზრუნველყოფს.
მართალია, დღეს მთავარ გამოწვევად, კვლავ ინფლაცია რჩება, თუმცა საერთაშორისო სასურსათო და საწვავის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები იძლევა იმის ვარაუდს, რომ მომავალ წელს ინფლაცია მნიშვნელოვნად დაიკლებს და მეორე კვარტალში მიზნობრივ მაჩვენებელთან(3%) ახლოს იქნება.  თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს, 2021-2026 წლებში მსოფლიო ბანკის შეფასებით ჩვენ გვექნება როგორც რეგიონში, ისე ევროპაში ყველაზე მაღალი საშუალო წლიური ზრდა, საშუალო ხელფასების ზრდის კარგი პოტენციალი გვაქვს. ამასთან მიმაჩნია, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – რამდენიმე წელიწადში საჯარო სექტორში არსებული ხელფასები უნდა დაეწიოს კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს, რაც  ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კუთხით არის მნიშვნელოვანი”, – წერს ცუცქირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები