ექიმს შეეძლება პაციენტის ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პოლიციას არ აცნობოს
ექიმებს შეეძლებათ, პაციენტის ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პოლიციას არ აცნობონ.
პაციენტის ზედოზირების მდგომარეობის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ სახეზეა დამატებითი გარემოებები, რომლებიც პოლიციისთვის ცნობის გადაცემას კანონით ისედაც ექვემდებარება. ესენია: ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა; ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა; მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა; საავადმყოფოში გვამის მოყვანიდან, ან 24 საათში სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას.
შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობა (თუ დამატებითი გარემოებები არ არის) პოლიციისთვის ცნობის მიწოდებას აღარ ექვემდებარება, “სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებაში შევიდა. “სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების შესახებ” დოკუმენტში ცვლილებების შესახებ ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გამოსცა.