რა ქონებას ფლობენ საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა რელიგიის ეპისკოპოსები

საქართველო გამორჩეულია რელიგიური მრავალფეროვნებით. ბოლო პერიოდში აქტუალური თემაა, თუ რომელი მართლმადიდებელი მღვდელი რა ქონებას ფლობს. თუმცა, არასდროს ყოფილა საუბარი – საქართველოში მოღვაწე სხვა რელიგიების წარმომადგენელი ეპისკოპოსები რა ქონებას ფლობენ. “კვირა” დაინტერესდა თემით და გთავაზობთ რამდენიმე მათგანის სახელზე რეგისტრირებულ ქონებასა და ბიზნესების ჩამონათვალს.

ჯუზეპე პაზოტო

ჯუზეპე პაზოტო – იტალიელი სასულიერო მოღვაწე, ეპისკოპოსი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი.

ეპისკოპოსი არაერთი უძრავი და მოძრავი ქონების მფლობელია, როგორც რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, მის მფლობელობაშია რამდენიმე საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკეთები თბილისში, ხონსა და ადიგენში. მათ შორისაა ბინა თბილისის ცენტრში, ტურისტულ ადგილას, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ფართი ახოსპირელის ქუჩაზე, 1572 კვ.მ მიწის ნაკვეთი 427 კვ.მ საცხოვრებელი შენობით ბათუმში, ანგისის ქუჩაზე და სხვა არაერთი უძრავი ქონება.
ამასთან, ის არის შპს “ომნეს ტურის” 100%-იანი წილის მფლობელი. როგორც იტალიური კომპანიის ოფიციალური გვერდიდან ირკვევა, ის მომხმარებელს სთავაზობს ტურებს ამიერკავკასიის რეგიონში. ტუროპერატორი ფარავს საქართველოსა და სომხეთის ბაზარს.

ამას გარდა, ჯუზეპე პაზოტო არის საქველმოქმედო ფონდის “საქართველოს კარიტასის” პრეზიდენტი და შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის 100%-იანი წილის მფლობელი.

მარკუს შოხი

მარკუს შოხი – ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი 2017 წლიდან. ის გერმანიის მოქალაქეა და საქართველოში მის სახელზე არანაირი ქონება არ ფიქსირდება.

რუსუდან გოცირიძე

რუსუდან გოცირიძე – საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი. მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, მის სახელზე არანაირი ქონება არ ფიქსირდება, განსხვავებით მისი ოჯახის წევრებისგან. რომელთა სახელზეც საცხოვრებელი ფართია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები