რატომ ითხოვდა თავდამსხმელი ანკესს – გრიგოლ ნარსიას ჩვენება

ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული გრიგოლ ნარსია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ ანკესის ჯოხს ნამდვილად ითხოვდა.

როგორც ჩვენებაში ამბობს, სურდა, საქართველო, აფხაზეთის გავლით, რუსეთის მიმართულებით დაეტოვებინა და რუსეთის დროშა საზღვრის გადაკვეთისას ანკესზე უნდა დაემაგრებინა.

გრიგოლ ნარსია ბრალს აღიარებს.

“იქ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ბიჭის მეშვეობით ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრისას მოვთხოვე, რომ ჩემთვის მოეტანა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი. აღნიშნული საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე ავტომანქანა და ქუთაისის ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი, რომლითაც მინდოდა, დამეტოვებინა საქართველოს საზღვრები აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა რუსეთის დროშა, ამისთვის მინდოდა ანკესიც, რომ დროშა საზღვრის გადაკვეთისას მასზე დამემაგრებინა”, – ამბობს ნარსია ჩვენებაში.

ის ასევე ყვება, რომ შევიდა ბანკში და თანამშრომლებს თანხა მოსთხოვა, თუმცა, თანხის ის რაოდენობა, რაც იმ მომენტისთვის სალაროში იყო, ნარსიასთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მან თანხის მოსატანად ბანკსა და შსს-ს 3-საათიანი ვადა მისცა.

თავდამსხმელია აღიარებს, რომ სპეცრაზმს აყვანის დროს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა არა რეალური, არამედ მულაჟი იყო, რომელიც თავად დაამზადა და დაამონტაჟა.

ჩვენებაში გრიგოლ ნარსია განმარტავს, რომ მას თანამზრახველები არ ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები