ლევან დავითაშვილი: დიაგონალურმა კუმულაციამ საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება შესაძლებელი გახადა

„დიაგონალურმა კუმულაციამ შესაძლებელი გახადა, კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის,” – განაცხადა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა ფორუმზე – „დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის – სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები” გამოსვლისას.

ფორუმს ასევე დაესწრო თურქეთის ვაჭრობის მინისტრი – მეჰმეთ მუში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი, აგრეთვე, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი – ჯონ პენელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი – მიხეილ ხიდურელი, საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი – გიორგი პერტაია, საქართველოსა და თურქეთის კომპანიების წარმომადგენლები. ვიცეპრემიერის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას უკვე მრავალი წელია, განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, რაც თვალსაჩინო მაგალითია, იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის და როგორ გამოიყენონ ერთმანეთის პოტენციალი საკუთარი ხალხის კეთილდღეობის გასაზრდელად. მან ასევე მადლობა გადაუხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ), რომელთა მხარდაჭერამაც შესაძლებელი გახადა დიაგონალური კუმულაციის საკითხზე ფორუმის ორგანიზება.

„თურქეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, თუმცა პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული, განსაკუთრებით საქართველოს მხრიდან. თურქეთთან სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებისა და ქართული ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე, მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დაფარვას.
განსაკუთრებით გვახარებს ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში თურქ კომპანიებს არ განელებიათ საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელების ინტერესი. თურქი ინვესტორების ესოდენ დიდი დაინტერესება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ნდობაზე, რომელიც გამოწვეულია საქართველოში მიმდინარე რეფორმებით და ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემოთი, ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატითა და სხვადასხვა ხელშემწყობი და წამახალისებელი ღონისძიებებით,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამ კონტექსტში, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რომელიც, მისი შეფასებით, დამატებით იმპულსს შესძენს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე წაახალისებს და გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის კერძო სექტორის საექსპორტო შესაძლებლობებს.

„ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის კერძო სექტორმა მაქსიმალურად ისარგებლოს აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობით. სწორედ ამ მიზნით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, სამინისტრომ განახორციელა დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობების კომპლექსური კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის წახალისებისთვის ყველაზე პერსპექტიული სექტორებისა და ღირებულებათა ჯაჭვების გამოვლენას,” – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

ფორუმზე შეკრებილი ბიზნესსაზოგადოება გაეცნო კვლევის „ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობა საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაციის გზით” შედეგებს, რომელიც მომზადდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს ჩართულობით. ფორუმზე აღინიშნა, რომ 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი. ასევე ითქვა, რომ დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართველი და თურქი მეწარმეების მიერ ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით, დიაგონალური კუმულაცია წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ფორუმზე ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე.
გარდა ამისა, გაიმართა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი ინვესტიციებით ან/და ერთობლივი საწარმოების შექმნით, დიაგონალური კუმულაციისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის კონტექსტში. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის”, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” და საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები