გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკა მაღალ ზრდასთან ერთად, გადაწყობას და დივერსიფიკაციას საკმაოდ წარმატებით ახერხებს

“ივლისში, ისევე როგორც იანვარ-ივლისში ექსპორტის სარეკორდო ზრდის ფონზე, რაც ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.8%-ით, ხოლო პირველ 7 თვეში 36.3 პროცენტით არის გაზრდილი, მეტად საინტერესო სურათს იძლევა ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების – FDI დინამიკაც”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეკონომიკა მაღალ ზრდასთან ერთად, გადაწყობას და დივერსიფიკაციას საკმაოდ წარმატებით ახერხებს.

“საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის I კვარტალში 568.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.3-ჯერ აღემატება 2021 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებს, ხოლო პანდემიამდელი პერიოდის 2019 წლის მაჩვენებელს 1.8 ჯერ.

ექსპორტთან ერთად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების- FDI, სარეკორდო ზრდა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ იგი მიმდინარე წლის ტენდენციასაც ასახავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს პირველ კვარტალში თვით 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც(413 მლნ აშშ დოლარი) მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, როდესაც უცხოური კაპიტალის წლიური შემოდინებამ 2006 წლიდან მოყოლებული სარეკორდო 1 980.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა, ძირითადად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული, შესაბამისად მთლიანი ინვესტიციების 56 % და 44 % და რაც ქვეყნის ეკონომიკისადმი ინვესტორთა გაზრდილ ნდობაზე და პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირდება, მიუხედავად რეგიონში შექმნილი რთული ვითარებისა და გლობალური გამოწვევებისა, უკრაინაში რუსული ინტერვენციის და საომარი მოქმედებების ნაკლებად პროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე.

საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადათვლილი მონაცემების მიხედვით იკვეთება კიდევ ერთი არანაკლებ საინტერესო ფაქტი:

ახალი პრემიერის დროს 2021 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე ერთწლიან პერიოდში (ოთხი კვარტალი) საქართველოში შემოვიდა 1 მლრდ 679 მლნ დოლარი FDI, რაც 24%_ით აღემატება არაპანდემიური 2019 წლის მაჩვენებელს და აგრეთვე 24%_ით აღემატება 2018 წლის FDI-საც.

სარეკორდოდ გაზრდილ ექსპორტთან ერთად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკაც აჩვენებს, რომ მიუხედავად საერთაშორისო სანქციებთან მიერთებისა, უტრირებული დამატებით ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებზე, რუსული სანქციების დაწესების გარეშეც, რაზეც ოპოზიცია თუ ცალკეული ინტერესთა ჯგუფები თუ ექსპერტები დღემდე აპელირებენ, ეკონომიკა მაღალ ზრდასთან ერთად, გადაწყობას და დივერსიფიკაციას საკმაოდ წარმატებით ახერხებს!”,- წერს ცუცქირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები