გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა
გორში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
თეატრის სკვერში, სააღმზრდელო დაწესებულებებისა და სკოლების მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დაათვალიერეს.
აღნიშნულ სკვერში, დილიდან პატარებს და არა მარტო პატარებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ადგილობრივი შემსრულებლებისთვის, დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი ნამუშევრები, დასწრებოდნენ ანიმატორების წარმოდგენებს, მოეხატათ სახე და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გადაეღოთ ფოტოები.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღია კარის დღე იყო გამოცხადებული ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საბრძოლო დიდების მუზეუმში. გარდა ამისა, საბრძოლო დიდების მუზეუმი მასპინძლობდა მოსწავლეთა ნახატების გამოფენასაც.
ღონისძიებები გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით.