რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა
ზემო-იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი კატეგორიის – აღკვეთილის შექმნა იგეგმება.
პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე მთავრობის ინიციატივით, „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მომზადდა, რომელიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, კანონი კვერეთის აღკვეთილის შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს დაარეგულირებს და ხელს შეუწყობს ტერიტორიაზე არსებულ ბიომრავალფეროვნების დაცვას და ბუნებრივი რესურსების ლიმიტირებულ გამოყენებას.
„კვერეთის აღკვეთილი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვის, აგრეთვე ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების აღდგენის და დაცვის ხელშეწყობის მიზნით. კვერეთის აღკვეთილს მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები დარეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით”, – აღნიშნა თომა დეკანოიძემ.