„შეგვიძლია, მოქალაქეებს საშუალება მივცეთ, წარმატებულად აითვისონ ის პროგრამები, რომლებიც დღეს ბაზარზე მოთხოვნადია“ – მათე ტაკიძე „ისწავლე და დასაქმდის“ შესახებ საუბრობს

„ჩვენ შეგვიძლია, მოქალაქეებს საშუალება მივცეთ, ძალიან წარმატებულად აითვისონ ის პროგრამები, რომლებიც დღეს ბაზარზე მოთხოვნადია“, – ამის შესახებ პროფესიული კოლეჯის, „სპექტრის“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტაკიძე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდის“ ახალი ეტაპის დაწყებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროგრამა ზრდასრულთა განათლებაზე, მათ გადამზადებაზეა მორგებული.

„თბილისის მერიის პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო. პროექტს მერიასთან ერთად უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ვახორციელებთ. პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ ჰქვია, ეს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია, რათა მათ საშუალება მიეცეთ, ძალიან მოკლე ვადაში საკუთარი უნარების, ნიჭის რეალიზება მოახდინონ და შემდგომ დასაქმდნენ.

მინდა, ავხსნა, როგორ ვაკეთებთ ამას: თავდაპირველად, კვლევები ტარდება. კვლევების შედეგად, იმ კომპანიებს ვავლენთ, რომლებსაც კონკრეტული მიმართულების სპეციალისტები სჭირდებათ. ამის შემდეგ ძიებას ვიწყებთ, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება, წლის განმავლობაში ბაზარს სჭირდებოდეს. შემდგომ თბილისის მერიაში განაცხადს ვაკეთებთ. ყველა პროგრამა ბიზნესთან ერთად მზადდება.
სწავლება ყოველგვარი გადასახადის გარეშეა. სწავლას თბილისის მერია აფინანსებს. პროგრამა ზრდასრულთა განათლებაზე, მათ გადამზადებაზეა მორგებული. ჩვენ შეგვიძლია, მოქალაქეებს საშუალება მივცეთ, ძალიან წარმატებულად აითვისონ ის პროგრამები, რომლებიც დღეს ბაზარზე მოთხოვნადია. არჩევანსა და გემოვნებაზე თუ მიდგება საქმე, მრავალფეროვანი არჩევანია: არის ტურიზმის მიმართულება, კულინარია, კონდიტერია, სასტუმრო საქმე, ჭრა-კერვის მიმართულება, მსუბუქი მრეწველობა, ტექსტილი, ვებტექნოლოგიები და ა.შ. ჩამონათვალი ძალიან დიდია. რაც  უნდა ნონსენსი იყოს, დღეს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის გარკვეული დისბალანსია. გაცილებით მეტი ვაკანსიაა ბაზარზე, ვიდრე მომზადებულ კადრებს ვაწვდით. ჩვენ გაცილებით მეტი ბენეფიციარის ჩართვა გვჭირდება, ვფიქრობ, სწორი მუშაობით და გამართული მენეჯმენტით შევძლებთ, რომ უამრავ ადამიანს საშუალება მივცეთ, ჩვენთან მოვიდეს, სხვა კოლეჯებში მივიდეს, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ და შემდეგ წარმატებით დასაქმდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ნებისმიერი მოქალაქეს, რომელიც ჩვენთან მოვა, საშუალება ექნება, ესა თუ ის პროფესია ბოლომდე შეისწავლოს. დასაქმების პრობლემა არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიურად ათეულობით კომპანია გვიკავშირდება, რომელთაც სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები სჭირდებათ. ბაზარზე ახალი მიმართულებები, ახალი პროფესიები შემოდის, საჭიროა, მუდმივად ვიყოთ მორგებულები იმ ბაზარსა და შრომის მოთხოვნებს, რომელიც საქართველოშია“, – განაცხადა მათე ტაკიძემ.

მისივე თქმით, სწავლა-გადამზადების მსურველთათვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მიმართვიანობაც მაღალია.

„გაერო-ს კვლევებმა აჩვენა, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც დღეს საქართველოში ბიზნესის განვითრებას, შეიძლება, ხელს უშლიდეს, ადამიანური, კვალიფიციური რესურსის ნაკლებობაა. მერიის პროგრამა ამ პრობლემის დაძლევას ემსახურება. რეგისტრაცია 18-ში დავიწყეთ და 30 მაისამდე გაგრძელდება. მომართვიანობა ძალიან მაღალია, რამდენიმე მიმართულებაზე უკვე კონკურსი გვაქვს.
ანალოგიური პროგრამები საშუალებას იძლევა, ადამიანებს კეთილდღეობა და მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდეთ, ასევე, ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გაძლიერდეს“, – განაცხადა ტაკიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალი ეტაპი დაიწყო. უწყება დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინრეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე აცხადებს.
მერიის ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას.
„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში. ამ ეტაპზე, 1 000-მდე მოქალაქე გაივლის მომზადება/გადამზადებას შემდეგ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და „სპექტრი“. ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: ქ. თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი. თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა არის არაუმეტეს სამი თვე და სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სახელმწიფო სერტიფიკატი. პროგრამის რეგისტრაციის ვადები: 2022 წლის 18 – 30 მაისი. სასწავლო პროცესი კი დაიწყება 6 ივნისიდან. რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.dasakmdi.ge“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები