“ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების რთულ პერიოდში შევდივართ” – რუსეთის ბანკმა სანქციების მძიმე გავლენა აღიარა

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ფინანსურ სექტორზე გავლენა უკვე მოახდინეს, მოსალოდნელია მისი უარყოფითი გავლენები რეალურ სექტორზეც, – ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ განაცხადა.

მისი თქმით, მარეგულირებელში ელოდებიან, რომ მესამე კვარტალში ეკონომიკა “აქტიური სტრუქტურული ტრანსფორმაციის პერიოდში” შევა.

“ჩვენი ეკონომიკა შედის სტრუქტურული ცვლილებების რთულ პერიოდში, რომელიც სანქციებთან არის დაკავშირებული. შეზღუდვებმა, პირველ ყოვლისა, გავლენა მოახდინა ფინანსურ ბაზარზე. ახლა ისინი უფრო მეტად აისახება ეკონომიკის რეალურ სექტორებზე”, – თქვა მან.

ნაბიულინამ აღნიშნა, რომ ეკონომიკაში მთავარი პრობლემები იმდენად არ იქნება დაკავშირებული ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებულ სანქციებთან, რამდენადაც – იმპორტის შეზღუდვასთან, საგარეო ვაჭრობის ლოჯისტიკასთან და „მომავალში, რუსული პროდუქციის ექსპორტის, შესაძლო აკრძალვასთან“.

“მეორე კვარტალში, მესამე კვარტლის დასაწყისში ჩვენ აქტიურად შევალთ ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაციის პერიოდში. მრავალი საწარმოსთვის ახალი ბიზნესმოდელების ძიებაში აღმოვჩნდებით“, – დასძინა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები