იენს სტოლტენბერგი – ვიყოთ რეალისტები, არ გვაქვს ნიშნები, რომ პუტინმა შეცვალა თავისი საერთო მიზანი

არ არსებობს იმის ნიშანი, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა უკრაინის კონტროლის მთავარი სამიზნე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ომის დასრულების ყველაზე მარტივი გზაა ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაიყვანოს ჯარები და ჩაერთოს სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევაში, დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი საერთო მიზანი, ეს არის უკრაინის კონტროლი და მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებების მიღწევა ბრძოლის ველზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ნატო ვერ ხედავს რუსეთის უკანდახევის შანსს, არამედ მხოლოდ გადაჯგუფებას, მათი ძალების პოზიციების ცვლილებას, მოძრაობას უკრაინის ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისკენ.

„ჩვენ ველოდებით დიდ ბრძოლას დონბასში, რუსეთის დიდ შეტევას. სწორედ ამიტომ, მოკავშირეებმა დღეს აღნიშნეს, რომ უკრაინა დამატებით დახმარებას საჭიროებს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები