ლევან დავითაშვილი – „საქართველოს ეკონომიკის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა”
საქართველოს ეკონომიკის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ტენდენცია დაფიქსირდა, – განაცხადა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თებერვლის თვეში 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, იანვარი-თებერვალი, ჯამურად, 16.3%-იანი ზრდა გვაქვს და ეს პანდემიამდელ მაჩვენებელსაც აღემატება 6.6%-ით.
ვიცეპრემიერის განცხადებით, ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, რათა წელს ზრდა შენარჩუნებულ იქნეს დანარჩენ თვეებშიც და დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნეს მიღწეული. ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ დადებითი მაჩვენებლები დაფიქსირდა რამდენიმე მიმართულებით სავაჭრო ბრუნვის, ფულადი გზავნილების და ა.შ.
„ჩვენ გვქონდა განსაკუთრებით მაღალი ექსპორტი იანვარ-თებერვალში – ის 54.5%-ით გაიზარდა და 760.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ფულადი გზავნილები – მან 353.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – 13%-ზე მეტით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ეს მაჩვენებლები მიუთითებს იმას, რომ საქართველოში, მათ შორის, კურსი უნდა გვქონდეს სტაბილური და, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შევინარჩუნოთ როგორც სტაბილური კურსი, ისე ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.