თამარ ტალიაშვილი მარიუპოლში მყოფი ჟურნალისტის ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – თამარ ტალიაშვილი მარიუპოლში მყოფი ჟურნალისტის ონლაინ პრეზენტაციას დაესწრო.
ტალიაშვილის თქმით, წარმოდგენილი იყო უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგები.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მან კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელების მიმართ და დააფიქსირა ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელსაც საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ახორციელებს.
“ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების მეგობრობის ჯგუფის მიწვევით, მიწვეულ ვიყავი მარიოპოლში მყოფი, უკრაინელი ჟურნალისტის, ანა მურლიკინის პრეზენტაციაზე. ის არის უკრაინის დონეცკის რეგიონული ონლაინ პორტალის ხელმძღვანელი და დღემდე მარიოპოლში ემსახურება თავის პროფესიას და უკრაინელ ხალხს. მან წარმოადგინა ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც აღწერს რუსეთის აგრესიას და ომის დანაშაულებს უკრაინაში.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის გენერალური მდივნის, რიკარდო გუტიერესის ანგარიში უკრაინაში ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით.
მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, კიდევ ერთხელ გამოვხატე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და აღვნიშნე ის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რასაც საქართველო ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით ახორციელებს”, – აცხადებს ტალიაშვილი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge