დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დამყარებული გამოცდილების გაზიარების ტრენინგები წარმატებით დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (USDOI-ITAP) კოორდინატორმა პაატა შანშიაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს სასწავლო კურსი „საუკეთესო პრაქტიკაზე დამყარებული დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობისა და მართვის საფუძვლები: გლობალურად თავსებადი და ლოკალურად რელევანტური სტანდარტისკენ” ჩაუტარა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტრენინგი 1 კვირის განმავლობაში, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების გახსნით ნაწილს, აღნიშნული ტერიტორიული ადმინისტრაციების დირექტორებთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი ესწრებოდა.
სასწავლო კურსი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა რესურსების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და გარემოსდაცვითი განათლება, კანონაღსრულება და სამაშველო საქმე, მდგრადი ინფრაქსტრუქტურა და ინსტიტუციური განმტკიცება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მიზნად ისახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას დაცული ტერიტორიების მმართველობისა და მართვის გლობალურად თავსებადი ხარისხისა და სტანდარტის მისაღწევად.
კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიებია. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიების, როგორც უზენაესი საჯარო ფასეულობის სწორად მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოტურიზმის განვითარებას.