„რუსული პროპაგანდა აზომბირებს ადამიანებს. ის თავის მოქალაქეებს ტვინს ურეცხავს, ისევე, როგორც, თავის დროზე ნაცისტური გერმანია იქცეოდა ომის წინ“, – ამის შესახებ ებრაული თემის სულიერი მოძღვარმა, მოშე რეუვენ ასმანმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა „საშინელი რამ არის“.
„ადამიანები შავზე ამბობენ, რომ თეთრია… მათ არ უნდათ არაფრის მოსმენა და ფაქტების დაჯერება“, – განაცხადა რაბინმა. თუმცა, ის ამბობს, რომ არიან ისინიც, რომლებსაც ომმა თვალი აუხილა.
„სხვათა შორის, საინტერესო ფაქტს მოგიყვებით: მეც მყავდა ნაცნობები, რომლებიც რუსული პროპაგანდით იყვნენ დაზომბირებულები… ისინი, ვინც აქ, უკრაინაში, კიევში არიან და აზრი არ ჰქონდა მათთვის რაიმეს ახსნას. შუშის თვალებით საუბრობდნენ რაღაც სისულელეებს მათ გარშემო მყოფი ე.წ. ნაცისტების შესახებ…და ახლა, როდესაც ომი დაიწყო, ამ ადამიანთა შორის რამდენიმე მოხალისედ ჩაეწერა. მეც გაოცებული დავრჩი და ვკითხე, ეს როგორ მოხდა? მათ მიპასუხეს, რომ საკუთარი თვალით ნახეს, გარშემო რა საშინელებაც ხდებოდა და თვალი აეხილათ“, – ამბობს რაბინი.
მოშე რეუვენ ასმანმა აღნიშნა, რომ ებრაელები და რუსები, ვინც ამ ომის მომსწრე ან მონაწილეა, უკრაინას უჭერენ მხარს.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ