8 მარტის დღესასწაული მსჯავრდებულმა ქალებმა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ ქალებს მიულოცეს
8 მარტის დღესასწაული მსჯავრდებულმა ქალებმა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ ქალებს მიულოცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსთავის #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ქალებმა 8 მარტის დღესასწაულისთვის საჩუქრები დაამზადეს.
მსჯავრდებულების მიერ შექმნილი სამაჯურები და სათბურში გაზრდილი ყვავილები იუსტიციის სამინისტროში შემავალმა ყველა უწყებამ შეიძინა. ამ ინიციატივითა და ორმხრივი თანამშრომლობით, 8 მარტს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, კი დამატებითი შემოსავალი გაუჩნდათ. ქალთა საერთაშორისო დღისთვის მსჯავრდებულებმა 5300-მდე ყვავილი გაზარდეს და 1200 სამაჯური დაამზადეს. დასაქმებასთან ერთად, ამ პროცესმა მსჯავრდებულების რეაბილიტაციასაც შეუწყო ხელი.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობაზე 2020 წლიდან ზრუნავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.