ოთარ შამუგია: ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებით ჩვენ, პირველ ყოვლისა, ევროკავშირთან ვმუშაობთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირი მეწარმეებისთვის ბაზრის დივერსიფიკაციის საკითხზეც ისაუბრა.
მისი თქმით, წელს ევროკავშირში, აშშ-ში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში საქართველომ აგროსასურსათო პროდუქტების თვალსაზრისით რეკორდული ექსპორტი განახორციელა, რაცზ დაახლოებით, 1,142 მლრდ დოლარს შეადგენდა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ჩვენი მეწარმეებისთვის ბაზრის დივერსიფიკაციაზე და მათთან ერთად წლებია, ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მარკეტინგულ კომპანიებთან. ვმუშაობთ ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი და ასე შემდეგ. ამ სამუშაოების შედეგად, კონკრეტული შედეგები გვაქვს.
იცით, რომ წელს რეკორდული ექსპორტი გვქონდა აგროსასურსათო პროდუქტების თვალსაზრისით – 1,142 მლრდ დოლარის ფარგლებში. კერძოდ, დაახლოებით, 200 მლნ-იანი ზრდა გვქონდა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რაც კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ და ბაზრის დივერსიფიცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამის ნაწილია ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხი. პირველ რიგში, ჩვენ ამ მიმართულებით ევროკავშირთან ვმუშაობთ.
სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს და ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმა აქვს იმ სტანდარტებისა და რეგულაციების დასანერგად, რაც საჭიროა ამ პროდუქციის ევროკავშირში გასატანად. გვაქვს კონკრეტული შედეგიც. იცით, ევროკავშირში დაშვებულია თაფლი. ამ მიმართულებით შარშან კარგი შედეგი გვქონდა და ევროკავშირში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლი გავიდა“, – განაცხადა მინისტრმა.