ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, ვიქტორია სიუმარი სოციალური ქსელით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ნატო უკრაინის ომში ჩართვას არ აპირებს. სიუმარი ანალენა ბერბოკს და მისი სახით მთელ ევროპას ემოციურად მიმართავს:
„ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ნატო ამ ომში იმიტომ არ ერთვება, რათა ევროპას ესკალაცია თავიდან აარიდოს, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ ცივსისხლიანობა…მე მას ვურჩევ, დააკვირდეს ამ ფოტოს. ეს კიევიდან სულ რაღაც 5 კილომეტრში, არაჩვეულებრივ ქალაქ ირპენში ხდება, საიდანაც 2014 წელს, ძალიან ბევრი ადამიანი დონბასიდან სასტიკ ომს გამოექცა.. მათ აქ ცხოვრება ახლიდან დაიწყეს, თუმცა, საშინელებას ისინი მაინც ვერ გაექცნენ – ამ ყველაფრის სახელია რუსეთი!
ეს არის ის, რაც მათ ჩემს ქვეყანას 2 კვირაში დამართეს – განადგურებული ქალაქები, ადამიანთა დანგრეული ცხოვრება, მილიონობით ლტოლვილი და ათასობით გარდაცვლილი…
დიახ. შეგიძლიათ აარიდოთ თავი ესკალაციას, მაგრამ ის თავად მოგაკითხავთ თქვენც, თუკი უკრაინა ვერ შეაჩერებს მოსკოველ მონსტრებს…
დიახ, შეგიძლიათ ცივსისხლიანად ადევნოთ თვალი, როგორ ხდება უკრაინის პირისაგან მიწისა აღგვა…მაგრამ, დაფიქრდით, ვინ იქნება ჩვენს შემდეგ?…ეს თქვენ იქნებით, ევროპა!
ეს უსამართლო ომია. ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. უსამართლო ომები უნდა დასრულდეს. ყველას მშვიდობას გისურვებთ“, – აცხადებს ცნობილი ჟურნალისტი.
ვიქტორია სიუმარი წარმოშობით დნეპროპეტროვსკის ოლქიდან არის. სხვადასხვა დროს ის არაერთ პოპულარულ მედიასაშუალებაში მუშაობდა, მათ შორის იყო “ამერიკის ხმა”, სადაც უკრაინული ბიუროს ჟურნალისტის პოზიცია ეკავა. მოგვიანებით, სიუმარი პოლიტიკაში წავიდა და უმაღლესი რადას დეპუტატად აირჩიეს. 2014 წელს კი იყო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე.