ლევან დავითაშვილი – „ეკონომიკის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სხვადასხვა მიმართულებებს, ვართ სოლიდარულები და ვდგავართ სიმართლის მხარეს”

ვიცეპრემიერის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს მთავრობასთან ერთად, კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში.

მისი თქმით, საქართველო ამ ნაწილში არის სოლიდარული და ცალსახად, მკაფიოდ დგას სიმართლის მხარეს. მინისტრმა მედიასთან ისაუბრა ამ კუთხით ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის „საქართველოს ფოსტისთვის” მიცემულ დავალებაზე, განახორციელოს გზავნილების უფასოდ მიწოდება უკრაინაში. მისივე ინფორმაციით, ასევე სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” დაიწყო ორგანიზებულად ბიზნესთან კომუნიკაცია, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია მიეწოდოს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს – ეს ღონისძიება უკვე დღეიდან შედის ძალაში, თუმცა, წინა პერიოდში, რამდენიმე დღე მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები.

„ასევე ტრანსპორტის კუთხით, როდესაც უკრაინულ გემებს პორტში შესვლის პრობლემა შეექმნათ, ჩვენ მათ ყველანაირი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ, მათ შორის ფინანსური რესურსებით. დახმარება და ჰუმანიტარული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან გაგრძელდება, საქართველო ამ ნაწილში არის სოლიდარული და ვდგავართ მკაფიოდ, ცალსახად სიმართლის მხარეს. ეკონომიკის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს და, რა თქმა უნდა, ვიქნებით ერთსულოვანი საქართველოს მთავრობასთან ერთად” – აღნიშნა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები