ამირან სალუქვაძე: სამხედრო დოქტრინაში ცვლილებების შემდეგ, რუსეთი უშვებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს საფრთხე ექმნება
“ბევრი მირეკავს, კითხვით: რას ნიშნავს ეს განცხადება?”, – ამის შესახებ ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით გააკეთა.
“ეს ნიშნავს სტრატეგიული ბირთვული ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმში გადაყვანას, ანუ მზადყოფნაში გამოსაყენებლად.
სამხედრო დოქტრინაში ცვლილებების შემდეგ, რუსეთი უშვებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, თუ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს საფრთხე ექმნება.
ასეთ საფრთხედ შეიძლება, ეკონომიკური სანქციებიც აღიქვას.
სანქციებთან ერთად აგრესიული განცხადებებიც ახსენა ერთ-ერთ საბაბად. ამას დოქტრინა არ ითვალისწინებს, თუმცა…
ასევე, ამას წინათ გააკეთა განცხადება იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც დაეხმარებიან უკრაინას.
დახმარებად შეიძლება აღიქვას როგორც სანქციები, ასევე იარაღის მიწოდება.
არის თუ არა წამსვლელი, მე არ ვიცი. ამას სხვა ტიპის შეფასება სჭირდება, თუმცა, მაქვს მოსაზრება.
რაც შეეხება აქაურ ე.წ. ოპოზიციას, კიდევ ერთხელ – შეწყვიტეთ პროვოკაციები, ქვეყნის რყევები, როგორც ეს მოხდა 2008-ში – დაუდექით გვერდით ხელისუფლებას. თქვენი ვიწროპოლიტიკური ინტერესები დღეს არავის გვაინტერესებს.
პროვოკაციები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს.
იმედია საზოგადოებას ესმის რაც ხდება მსოფლიოში”, – წერს ამირან სალუქვაძე.