„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა დიდი მადლობა, გადაგიხადოთ, რომ თქვენ, დღეს – ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება“!

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თავდაცვის ვიცე პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე ღია წერილით მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სოციალურ ქსელში მადლობას უხდის მას,  ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს, სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რითაც მრავალი ქართველი გადაურჩა სისხლისღვრას.
თამარ კიკნაძე რუსეთ-უკრაინის ომსაც ეხმიანება, მხნეობას უსურვებს გმირ უკრაინელ ხალხს და ქედმოხრით მოიხსენიებს ყველა უკრაინელ ჯარისკაცს, ვინც შეეწირა თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
„ღია წერილი ჩემი ქვეყნის ღირსეულ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!
ბატონო პრემიერო, მინდა ჩემი, როგორც აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირი ძმის, გოგიტა კიკნაძის დამ და შეიარაღებული ძალების მოქმედმა ოფიცერმა, დიდი მადლობა, გადაგიხადოთ, რომ თქვენ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება – თქვენ არ შემოსეთ შავით ქართველი დედები და იხსენით მრავალი ქართველი სისხლისღვრისგან. 

დღეს საქართველოში არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც გული არ შესტკივა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. ყველანი განვიცდით იქ არსებულ ვითარებას და უფალს შევთხოვთ, დაეხმაროს ჩვენს მოძმე ქვეყანას – უკრაინას და შეწყდეს ომი. მინდა ყველა უკრაინელ დედას, ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო ის მწარე ტკივილი, რასაც ოჯახის წევრის დაკარგვა ჰქვია. სამარადისო დიდება გმირებს! ქედს ვიხრი ყველა უკრაინელი ჯარისკაცის წინაშე, ვინც შეეწირა თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს მოძმე ერს, ჩვენს უკრაინელებს! დიდება უკრაინას!   ვუსურვებ მათ გამძლეობას, მხნეობას და გამარჯვებას.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყველას გვახსოვს აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომები, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდები, ნუთუ ქართველ ერს დაგვავიწყდა, რამდენი დედა გამწარდა, რამდენი ლამაზი სიცოცხლე შეეწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას?! სწორედ იგივე მეორდება უკრაინაში, იგივე გზას გადის ჩვენი მოძმე უკრაინელი ერი…
მინდა საზოგადოების იმ ნაწილს შევახსენო, რომელსაც მოკლე მეხსიერება აქვს, ღიად რომელი ქვეყანა დაგვიდგა გვერდით, აღშფოთება, კი, ბატონო, მრავალი ქვეყანა აღშფოთდა, მაგრამ იმ უთანასწორო ბრძოლებში მხოლოდ ქართველი ერი შერჩა პირსისხლიან, კბილებამდე შეიარაღებულ რუსის ჯარს და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა მათ წინააღმდეგ.
თვალს ვადევნებ სოციალურ ქსელში თუ „ნაციონალების“ არხებს, საიდანაც აშკარად და მიზანმიმართულად იღვრება დეზინფორმაციები და ვხედავ, როგორ სწყურიათ მავნებელ ვაი ოპოზიციონერ „ნაცებს“ და მათ მიმდევრებს ქართველების სისხლი.
ისინი პირდაპირ და აშკარად გამოხატავენ ანტისახელმწიფოებრივ აზრებს და ჩემი ქვეყნის საბოლოო დასამარება სურთ.
ბატონო პრემიერო, ვინ დაუშალა ასე სისხლმოწყურებულ ქართველთმოძულე „ნაცებს“ და მათ მიმდევრებს უკრაინის ომში რიგით ჯარისკაცად წასვლა და მონაწილეობის მიღება? თუ ასე შესტკივათ გული, ჩაეწერონ მოხალისეებად და იბრძოლონ… ვინ დაუშალა, ნეტავ? მაგრამ არა, მათ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხარჯზე სურთ ხელის მოთბობა და ავადმყოფური ჟინის დასაკმაყოფილებლად ყველანაირი ბინძური ხრიკებით ყველაფერს კადრულობენ, რათა დაბრუნდნენ ხელისუფლების სათავეში. . უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, აგვისტოს ომის დროს როგორ სამარცხვინოდ გარბოდნენ წითელი ხიდიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე, კარგად გვახსოვს შეშინებული მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი, მიწაზე გართხმული გორში.  ვუყურებ უკრაინის პრეზიდენტს, რადას წევრებს და უკრაინის მერს და გული სიამაყით მევსება, რომ მათ ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენლებივით არ მიუტოვებიათ ჯარი და ბოლომდე მათ გვერდით დგანან ვაჟკაცურად. უფალმა გააძლიეროს უკრაინა და ყველა ბრძოლის ველზე მდგომი.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ქართველ მოხალისეს, რომელიც მონაწილეობს  უკრაინის ომში და თავის წვლილი შეაქვს უკრაინის ტერიტორიის მთლიანობის დაცვაში. გაიხარეთ, ბიჭებო, უფალი იყოს თქვენი მფარველი.
ასევე, მინდა გავიხსენო ყველა ის უკრაინელი ჯარისკაცი, ვინც აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და აგვისტოს ომში ჩვენ გვერდით იბრძოდნენ, როგორც მოხალისეები, თავი შესწირეს და საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას. უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, დიდება მათ სულებს და მადლობა მათ ჩვენ გვერდით ყოფნისთვის“
ბატონო ირაკლი, დიდი მადლობას მინდა გადაგიხადოთ ყველა იმ შაოსანი დედებისა და ოჯახის წევრების სახელით, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ ენით აუწერელი ტკივილი, რომლებსაც ოჯახის წევრების დაკარგვით დღემდე არ შეგვშრობია თვალზე ცრემლი და დღემდე არ ვიცით კიდევ ჩვენი ოჯახის წევრების საფლავები, მადლობა თქვენ – სახელმწიფოებრივი აზროვნებისათვის და მშვიდობის შენარჩუნებისათვის!
თქვენ მიიღეთ სწორედაც რომ ჩვენი ქვეყნისათვის სწორი გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ომს! „ნაციონალები“ და მათი მიმდევრები ყველაფერს კადრულობენ და სურვილი აქვთ, ყველანაირი ბინძური ხერხით, როგორც მათ სჩვევიათ, ხელისუფლებაში დაბრუნების, მათ არც უკრაინის ბედი აღელვებთ და არც – ჩვენი ბედკრული საქართველოსი, მათ მხოლოდ ესიზმრებათ, ხელისუფლებაში როგორმე დაბრუნება, მათ არაფრად მივაჩნივართ ქართველი ერი და სურთ საზარბაზნე ხორცად გვაქციონ და რუსეთს ბოლომდე ჩააბარონ ჩვენი ქვეყანა.
„ნაცების“ ბელადს – მიხეილ სააკაშვილს შევადარებ მულტიპლიკაციური ფილმის – „სიზმარას“ გმირს, მეფეს, რომელსაც მხოლოდ სიკვდილი და ჩამოხრჩობა ელანდება.
ბატონო პრემიერო, მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ გვერდით დგას ჩემი ქვეყნის საღად მოაზრივნე უამრავი ქართველი, რომლებმაც ვიცით ჩვენი ქვეყნის მშვიდობის ფასი და ერთხმად მივესალმებით თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და განვითარების კუთხით. მადლობა, რომ ამდენი შიდა თუ გარე მტრის გარემიცვაში იღებთ საღ გადაწყვეტილებებს! კიდევ კარგად ვითარდება ჩვენი ქვეყანა ასეთი მავნებლების ხელში. მუდამ გვიგულეთ თქვენ გვერდით! მჯერა, რომ საბოლოოდ ჩემი ქვეყანა გაძლიერდება და განვითარდება ყველა მიმართულებით… მადლობა თქვენ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის!
და ბოლოს, მინდა დავამატო და მივმართო „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მიმდევრებს – ვერ ეღირსებით, მავნებლებო, ქართველი ერის სისხლზე მობრუნებას, რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით და ნაშოვნი ფულებით?!  კმარა ჩემს ქვეყანაში სისხლისღვრა, შაოსანი დედები და ომები!  მადლობა უფალს, რომ დღეს სააკაშვილი არ მართავს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, ის ჩააბამდა ქვეყანას ომში, ცეცხლის ალში გახვევდა ჩემს ქვეყანას და უამრავი დედა ჩაიცვამდა შავს და, საბოლოოდ, რუსეთს ჩააბარებდა საქართველოს, როგორც დავკარგეთ ტერიტორიები 2008 წელს.
მჯერა, ჩემი ქვეყანა დიპლომატიური მიდგომით და მოლაპარაკებებით მიაღწევს დიდ წარმატებას. უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი! მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს მოძმე უკრაინელებს, გამარჯვებას, მხნეობას და გამძლეობას… უფალი იყოს სრულიად საქართველოსა და ჩვენი მოძმე ერის – უკრაინის მფარველი“, – წერს თამარ კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები