დავით კირკიტაძე: რუსთავის საკრებულოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ მოქალაქეებს გადაეცეთ ქონება

“თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ მათ დღეიდან შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალეკო ბერიძე უხელმძღვანელებს.

„სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, რუსთავშიც დასრულდა „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობა, რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური, ენმ წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას. დღეს ჩვენ ვიწყებთ წარდგენილი პროგრამის განხორციელებას, თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ მათ დღეიდან შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. იქნება ეს ავტოფარეხები, მიწის ნაკვეთები თუ სხვა, რომელიც ისედაც ეკუთვნით რუსთაველებს. ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალეკო ბერიძე, რომელიც დაიწყებს ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ქონება ჰქონდეთ რუსთაველებს, იყვნენ უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს არიან. კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლებას მათი მაღალჩინოსნებისთვის არ ენანება ჰექტრობით მიწის ნაკვეთები საუკეთესო საკურორტო ადგილებზე, მაგრამ ენანებათ რუსთაველებს გადასცენ 600-900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ პროცესში არ იქნება შეფერხება „ქართული ოცნების“ ან მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ქონების გადაცემას მხარი დაუჭირა რუსთავის უმრავლესობამ და თუ არსებობს რაიმე ბარიერი, ჩვენი მხრიდან მოხდება მთელი რიგი კანონპროექტების დაინიცირება, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები